აშშ-ის კონგრესმა, რომელიც შემოდგომიდან უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის მიღებას აფერხებს, შესაძლოა მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში აღნიშნული დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, ინფორმაციას CNN ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების თქმით, კიევის დახმარება ახალი ბიუჯეტის კანონპროექტში შევა, რომლის კენჭისყრისთვისაც პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ემზადება.
მანამდე ჯონსონმა დემოკრატების მიერ შეთავაზებული ორი საბიუჯეტო პროექტის დამტკიცება „ჩაშალა“. თუმცა, როგორც წყაროები აღნიშნავენ, ჯონსონმა კერძო შეხვედრა გამართა ქვედა პალატის რესპუბლიკელებთან, რომლებიც ხელს უწყობენ ახალი ორპარტიული პროექტის იდეას, მათ შორის ისრაელისა და უკრაინის დახმარებას.
საგარეო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი ჯონსონის კომენტარების გათვალისწინებით პროექტს მოამზადებს. ამავდროულად, CNN-ის წყაროების თანახმად, ჯონსონი რისკავს კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანით, რადგან პალატის ულტრამემარჯვენე წევრებს - ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებს შეუძლიათ ხმა მისცენ მისი სპიკერის პოსტიდან ჩამოშორებას. .ასევე, წინადადებას შესაძლოა მხარი არ დაუჭირონ მემარცხენე დემოკრატებმა, რომლებსაც არ სურთ ისრაელისთვის დამატებითი თანხები გამოყოფა.
2023 წლის ოქტომბრიდან კონგრესი არ თანხმდება კანონპროექტის დამტკიცებას, რომელსაც მეტადრე რესპუბლიკელები აფერხებენ, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის სანაცვლოდ მოითხოვენ აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას.
კომპრომისული შეთანხმების ტექსტის თანახმად, ფინანსური პაკეტი ჯაში 118 მილიარდ დოლარს აღემატება. 60 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია უკრაინის დასახმარებლად, 14.1 მილიარდი ისრაელისთვის, 20.23 მილიარდი დოლარი კი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საიმიგრაციო პოლიტიკის გასამკაცრებლად.
13 თებერვალს სენატმა მიიღო ეს კანონპროექტი, მაგრამ წარმომადგენელთა პალატამ მას კენჭი არ უყარა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ გასული წლის ბოლოს კონგრესი გააფრთხილა, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე, უკრაინის შეიარაღებული ძალები იძულებული იქნებიან უკან დაიხიონ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და რესპუბლიკელებს დახმარების პაკეტზე შეთანხმებისკენ მოუწოდა. თებერვლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა გააფრთხილა, რომ კონგრესმენების უმოქმედობა კიევს საშინელ შედეგებს მოუტანს.
დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების მოცულობით აშშ ლიდერობს. 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის სექტემბრის ბოლომდე ვაშინგტონმა კიევს გამოუყო დაახლოებით $75,4 მილიარდი, საიდანაც $45,7 მილიარდი იყო სამხედრო დახმარება, $25,8 მილიარდი იყო ფინანსური და $3,8 მილიარდი ჰუმანიტარული.