უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ F-16-ის ტიპის გამანადგურებლები 2024 წელს უკრაინაში იქნება.
„დღეს არის ჩვენი ჯარისკაცების სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი - ნიდერლანდებიდან. სხვათა შორის, ნიდერლანდები აქტიურად გვეხმარება საჰაერო თავდაცვაში, F-16-ის კოალიციით. წელს ახალი გამანადგურებლები იქნება ჩვენს ცაში და ეს წელი შედეგიანი უნდა იყოს რუსული მართვადი ავიაბომბებისგან, რუსული თვითმფრინავებისგან, რაკეტებისგან დაცვის თვალსაზრისით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს, 1-ელ მარტს ხარკოვში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას.
ზელენსკის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს ნიდერლანდების მიერ 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას 2024 წლისთვის და მომდევნო ათი წლის განმავლობაში.