„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება.
პარტიის ცნობით, მისაწვევი წერილი, რომლის ადრესატი მიხეილ სააკაშვილია, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს ეკუთვნის.
„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვართ, მოგიწვიოთ ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესზე, რომელიც გაიმართება ბუქარესტში, 6-7 მარტს. 2024 წლის კონგრესის, რომელსაც თანამასპინძლობას უწევს [რუმინეთის] ნაციონალური ლიბერალური პარტია, ძირითადი საკითხი იქნება მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება. ევროკომისიის პრეზიდენტობის EPP-ის კანდიდატის წარდგენასა და EPP-ის საარჩევნო მანიფესტის მიღებასთან ერთად, რაც ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შეადგენს, კონგრესი ასევე იქნება მთელი ჩვენი პოლიტიკური ოჯახის შეკრების, რეზოლუციებისა და წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და საარჩევნო კამპანიის ცენტრალური თემების განხილვის შესაძლებლობა. გთხოვთ, იხილოთ თანდართული პროგრამა“, – აღნიშნულია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, მანფრედ ვებერის წერილში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.