ისრაელის შეტევა რაფაჰზე გამოიწვევს ენით აუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას, ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რაფაჰზე შეტევას ასევე მოჰყვება დაძაბულობა ეგვიპტესთან.
„მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების განახლება და საომარი მოქმედებების შეჩერება ერთადერთი გზაა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა ბორელმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა რაფაჰში სამხედრო ოპერაცია 10 მარტამდე ანუ რამადანის დაწყებამდე უნდა დაასრულოს. მან ასევე სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა.
სავარაუდოდ, 1,3 მილიონზე მეტმა პალესტინელმა შეაფარა თავი რაფაჰის რაიონს მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზისა და სხვა ტერიტორიებზე ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო შეტევის დაწყების წინ აღნიშნული ტერიტორეიბის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს დროებით აშენებულ კარვების ქალაქებში ან გაერო-ს თავშესაფრებში, რომლებიც უკიდურესად გადატვირთულია.
ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელის ფილიპე ლაზარინის განცხადებით, რაფაში იზრდება პანიკა, რადგან ადამიანებმა არ იციან სად წავიდნენ.