ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა რაფაჰში სამხედრო ოპერაცია 10 მარტამდე ანუ რამადანის დაწყებამდე უნდა დაასრულოს. მისივე თქმით, მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ქალაქ რაფაჰიდან მანამდე უნდა გავიდეს, ვიდრე ისრაელის თავდაცვის ძალები იქ სამხედრო ოპერაციებს დაიწყებენ. იუწყება The Times of Israel
ეს განცხადება გაჟღერდა აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ ისრაელს არ განუხორციელებია წინასწარი ოპერაციული დაგეგმვა, რომელიც საჭიროა მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხისგან დასაცავად და რომ ამის შეუსრულებლობა კატასტროფის რისკს წარმოადგენს.
ნეთანიაჰუს განცხადებაში ნათქვამია, რომ მან დაავალა ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის უწყებას, კაბინეტს წარუდგინონ გეგმები, როგორც პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ღაზის სექტორის სამხრეთიდან, ისე ჰამასის ბატალიონების დაშლის შესახებ რაფაჰის რაიონში.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, რაფაჰში ფართომასშტაბიანი ოპერაცია მოითხოვს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას საბრძოლო ზონიდან.
სავარაუდოდ, 1,3 მილიონზე მეტმა პალესტინელმა შეაფარა თავი რაფაჰის რაიონს მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზისა და სხვა ტერიტორიებზე ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო შეტევის დაწყების წინ აღნიშნული ტერიტორეიბის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს დროებით აშენებულ კარვების ქალაქებში ან გაერო-ს თავშესაფრებში, რომლებიც უკიდურესად გადატვირთულია.
ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელის ფილიპე ლაზარინის განცხადებით, რაფაჰში იზრდება პანიკა, რადგან ადამიანებმა არ იციან სად წავიდნენ.