ეს რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში, პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის პარლამენტის რეზოლუციის პროექტში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა საფრანგეთის პარლამენტში მომზადებულ რეზოლუციის პროექტში, რომელშიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზეა საუბარი.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში მალე შეიცვლება შექმნილი მდგომარეობა.
„ტრაგიკული მოვლენაა, ტრაგიკული მდგომარეობაა, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიაში. იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა მალე შეიცვლება. თქვენ გახსოვთ თავის დროზე ევროკავშირის ყველა ელჩის დემარში, რომლითაც მივიდნენ ისინი იუსტიციის სამინისტროში, აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს კლავდა ხელისუფლება და ა.შ. თუმცა ძალიან მალე ყველაფერს მოეფინა ნათელი, ასეთივე რანგის ტყუილებთან გვაქვს საქმე და კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი მიუთითებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობაზე.“- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მომზადდა. დოკუმენტში საუბარია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლებამ „შემაშფოთებელი ცვლილებები დაიწყო ევროპული დემოკრატიული ღირებულებებისგან დაშორება და სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის დაძაბვა“.
„სამართლებრივი სახელმწიფოს გაუარესებული მდგომარეობა კონკრეტულ მაგალითებში ჩანს: ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში რჩება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ. რამდენიმე ოპოზიციონერი, მათ შორის ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე, სამართლებრივ დევნას და დაკავებებს დაექვემდებარნენ საკუთარი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემდეგ. ათეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორის ბევრი სტუდენტი, თვითნებურად დააკავეს, დააკისრეს ადმინისტრაციული პატიმრობა ან დიდი ოდენობის ჯარიმები”,- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში, რომლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.