9 თებერვალს კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა მცირერიცხოვანი აქცია, სადაც გააპროტესტეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნის გადაყენება.
"დოიჩე ველეს" ცნობით, აქციაზე 300-მდე ადამიანი იყო თავმოყრილი.
აქციის მონაწილეებს შორის ქალები და ხანდაზმულები ჭარბობდნენ, ასევე რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. აქციას არც ერთი პოლიტიკური ძალა არ შეუერთდა.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტი "ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაში" დაადანაშაულეს.
"ზელენსკიმ გაათავისუფლა ზალუჟნი, რადგან ეშინია მისი პოპულარობის. ის ხალხის ნებას ეწინააღმდეგება", - განუცხადა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ "დოიჩე ველეს".
მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა ზელენსკის შემცვლელის, ოლექსანდრ სირსკის რუსული წარმოშობის გამო.
"ეს ყველაფერი მიგვიყვანს შეთანხმებამდე და ომში დამარცხებამდე", - ამტკიცებს აქციის მონაწილე.
8 თებერვალს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი და ამ თანამდებობაზე სახმელეთო ჯარების მეთაური ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.
ამ ჩანაცვლებამ გამოიწვია უკმაყოფილების ტალღა სოციალური ქსელების მომხმარებლებში და, განსაკუთრებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებში, მათ შორის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მომხრეებში. თავად პოროშენკომ თავი შეიკავა ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების საჯაროდ შეფასებისგან, თუმცა მას "გენერალი ნომერი პირველი" უწოდა.
უკრაინის უცხოელმა პარტნიორებმა მთავარსარდლის ცვლილების შესახებ ცნობა მშვიდად მიიღეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს იყო ზელენსკის პირდაპირი პრეროგატივა.