ხაზარაძე რეალობას აცდენილია, მას ვერც მუსტანგი და ვერც მარშალის საუკუნისწინანდელი გეგმა უშველის, უთქვამს, არა მევახშეობასო, ეს იგივეა, ბინ ლადენს ტერორისტული აქტები დაეგმო, - აცხადებს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.
მისი თქმით, ხაზარაძე პოლიტიკოსად ვერ შედგა.
"მართალია, ხაზარაძე პოლიტიკოსად ვერ შედგა, მაგრამ უნიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, რომ თავისთან ისეთი ლიდერები შეკრიბოს, რომლებიც სხვადასხვა აზროვნების არიან – სამადაშვილი ევროპას საყვედურობს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რატომ მისცეს, უსუფაშვილი ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ებრძვის, სხვა წევრები მათემატიკაში ვერ ერკვევიან. „ლელოს“ სწორედ ეს მოცემულობა აქვს და მათი მთავარი პრობლემა თავად ხაზარაძეა, რომელიც ყველა რეალობას აცდენილია. მას ვერც ამერიკული მუსტანგი უშველის და ვერც ჯორჯ მარშალის თითქმის საუკუნისწინანდელი გეგმა. მას საზოგადოებასთან გულწრფელი აღიარება თუ უშველის, მაგრამ აქაც გულწრფელი არ არის – გამოსულა და უთქვამს, არა მევახშეობასო. ეს იგივეა, ბინ ლადენი გამოსულიყო და დაეგმო ტერორისტული აქტები მთელ მსოფლიოში. ეს ის მოცემულობაა, რის გამოც „ლელოს“ იმის ნახევარიც ვერ ექნება, რაც 2020-ის არჩევნებზე ჰქონდა", – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.