ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სტალინი და რუსეთის საბჭოთა იმპერია საქართველოს, ქრისტიანობისა და ზოგადად კაცობრიობის უდიდეს მტერსა და ჯალათს წარმოადგენდნენ.
„სტალინისა და მისი იმპერიის განდიდება და ცალსახა ბოროტებად არ შეფასება ჩვენი დღევანდელი მტრის, პუტინის რუსეთის პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გვყავს მმართველი გუნდი, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც საკუთარ პოსტში ათას სისულელეს წერს და ამ საკითხზე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს.
ღარიბაშვილი ამაყობს იმით, რომ სტალინი ქართველი იყო, ივანიშვილი ამბობს, რომ მის ხსოვნას უნდა გავუფრთხილდეთ, საპატრიარქო, როგორც მინიმუმ, მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებს და ისინი, ვინც ეს ხატი შესწირეს ეკლესიას, ღიად პუტინისტური პოლიტიკის გამტარებლები არიან.
ეს ხატიც სწორედ ამ კონტექსტში შესწირეს, სტალინის განდიდებისთვის და არა მისი როგორც ბოროტებად წარმოსაჩენად. ამავდროულად, ოპოზიციაშიც კი ლელოსა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციები არ დაუფიქსირებიათ და ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა“ - თქვა გიგა ბოკერიამ.