საქართველოში პოლონეთის საელჩო გამოეხმაურა წმინდა მატრონა მოსკოელის ხატზე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინისი გამოსახვას, რომელიც ბოლო დღეებია საზოგადოებაში განსჯის საგანი გახდა.
პოლონეთის საელჩო ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს ხატის ნაწილს, სადაც სტალინია გამოსახული და ასევე ინფორმაციას, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი პოლონელი მოქალაქეების შესახებ.
„პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ - 1,8 მილიონი. აქედან 150 ათასი დაიღუპა.
მათი უმეტესობა 1939-1941 წლებშია რეპრესირებული, როდესაც სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა. 200 000-მდე პოლონელი კი 1944-1952 წლების რეპრესიებში მოჰყვა. კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება", - აცხადებს პოლონეთის საელჩო საქართველოში.