მინდა საზოგადოებას, სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო კანდიდატის სტატუსი, რომლის მოსაპოვებლად ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, თუმცა ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„საქართველო მართლაც იმსახურებდა ამ სტატუსს. არასამართლიანი დამოკიდებულება იყო, რომ უკრაინასა და მოლდოვას მანამდე მიენიჭა, რადგან ყველა პარამეტრით თუ სტატისტიკით, თუ რაიმე წარმატებაზე იყო საუბარი, ყველა კომპონენტით საქართველო ამ ქვეყნებს რომ შევადაროთ, იყო მოწინავე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაირკვა და საზოგადოებამ დაინახა, თუ რა იყო ამის ძირითადი მიზეზი და მიზანი. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რისთვის გამოიყენებდნენ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას. გვახსოვს აქციები, კამპანია „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით - ერთობლიობაში ეს მიმართული იყო იმისკენ, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ხალხმა ძალიან კარგად გააანალიზა ეს ყველაფერი და ხედავდა ამ ყველაფერს“, - აღნიშნა კალაძემ.