თელავის რაიონულმა სასამართლომ ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულიახალგაზრდა მამაკაცი, უდანაშაულოდ ცნო - ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმის მიმდინარეობის დროს, დაზარალებულად ცნობილი ქალი, გარდაიცვალა, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოძიებისათვის მიცემული მისი ჩვენება გამოქვეყნდა. გამართლებული პირის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, მტკიცებულებები არ არსებობდა.
“გადაწყვეტილება სამართლიანი და სწორია, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები საკმარისი არ იყო. დაზარალებული გარდაიცვალა, მაგრამ სხდომაზე მისი ჩვენება გამოქვეყნდა”-განაცხადა ადვოკატმა.
ახალგაზრდა მამაკაცი ბრალდებულის სახით, 22 აპრილს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს. დანაშაულის დაფარვის მიზნით კი შვილიშვილი ბებიას, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, საძინებელ ოთახში კეტავდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 138 -ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესამოწმებლად, ჩატარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზაც.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.