„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა.
„ერთიანობის ყველა შანსი ამოვწურეთ, პარტიას ვტოვებთ“, – განაცხადეს ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვტოვებთ “ნაციონალურ მოძრაობას”. ურთულესი ზეწოლის გაძლება, რომელიც მომდინარეობდა ქართული ოცნების წევრების მხრიდან, არ იყო მაინცდამაინც რთული იმიტომ, რომ იქ იდეალების შენარჩუნებაზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ეს მარტივად შევძელით, მაგრამ როცა იდეებისგან იცლება ის საქმე რისთვისაც ვიბრძვით, მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ.
ჩვენ ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეის ერთგულები და ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის ამ ქვეყანაში. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში და მან რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს საპყრობილე და რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად უნდა ჩამოცილდეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ხელისუფლებას. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, ოღონდ, სამწუხაროდ, უკვე ახალი პლატფორმიდან....
დეტალებს საზოგადოება უახლოეს ხანებში, ეტაპობრივად გაიგებს. შესაძლოა, ეს იყოს პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ნიკა მელიასთან კომუნიკაცია გვქონდა და გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ის უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას და თუკი ის ახალ პარტიას დააფუძნებს, აუცილებლად შევუერთდებით," - თქვა კირთაძემ.