საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის მიერ გაკეთებულ განცხადებებში მათი რეალური ზრახვები იკვეთება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრანტებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების შეფასებისას ისაუბრა.
მისი თქმით, 2008 წლის ომს უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანამ ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა.
„წამოცდენები აქვთ ამ ადამიანებს. ამ წამოცდენებში კი რეალურად კარგად იკვეთება, თუ რა ზრახვები აქვთ. ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე - მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოში გაჩნდეს მეორე ფრონტი და ქვეყანა ისევ იმ უბედურებაში ჩაერთოს, რაც სამწუხაროდ, გამოცდილი და გამოვლილი გვაქვს საკუთარ თავზე. 2008 წელს რა ქნეს? ომით რა გააკეთეს? გეტყვით, რაც გააკეთეს: დავკარგეთ ტერიტორიები და ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი ოკუპირებულია; განადგურებულია ინფრასტრუქტურა; გვყავს უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და გმირი ჯარისკაცები. აი, ეს მივიღეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ქვეყანამ ტერიტორიული მთლიანობა ეკონომიკური გაძლიერებითა და მშვიდობის შენარჩუნებით უნდა აღიდგინოს.
„ჩვენ უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ მშვიდობა, გაძლიერდეს თითოეული ოჯახი და ამ ყველაფრით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.