ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი ნარკომანიას ებრძვის. "სამხრეთ ოსეთში ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელების წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკა მოქმედებს", _ წერს ოსური მხარე. ამასთან ერთად, კოკოითი აკრიტიკებს ქართული მხარის ბრალდებას იმის შესახებ, ე. წ. სამხრეთ ოსეთში ნარკომანია ყვავის.
"ქართველ განმცხადებლებს კი შემიძლია ვუთხრა, რომ უმჯობესი იქნება, თუ თავიანთი ახალგაზრდობის აღზრდას მიხედავს და საქართველოში ნარკომანიას ბრძოლად გამოუცხადებს", _ აცხადებს კოკოითი.
ოს სეპარატისტთა ლიდერი ასევე აცხადებს, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთში ნარკომანია არ არის.
"სამხრეთ ოსეთში ნარკომანია არ არის. ჩვენ მიერ მიღებულია ძალიან მკაცრი ზომები. ნარკოტიკების მოხმარებისთვის 14 წლის ასაკიდან დაწყებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა დაწესებული და თავისუფლების აღკვეთა ერთიდან ოთხ წლამდეა გათვალისწინებული. მძიმე ნარკოტიკები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ არის. ამ ბოროტებას უკომპრომისოდ ვებრძვით", _ აცხადებს კოკოითი.
მან აღნიშნა, რომ ე.წ . სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია საკონდიტრო ყაყაჩოსა და ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა, რომლებსაც "მრავალი ნარკომანი ცნობიერების შესაცვლელად იყენებს".