გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 8 პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 29 ნოემბრისთვის გადადო, 3 - ის კი 30 ნოემბრისთვის.
გუშინდელ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა, მათ შორის მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი.
აქციის მონაწილეები 2022 წელს გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, მათივე თქმით, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა. „რიონის ხეობის მცველები“ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამინისტროსთან იქამდე დარჩებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
შსს-ის განცხდებით, მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 პირი.
ფოტო: ფორმულა