თბილისის ცენტრში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილი დააკავა. ცნობილი ხდება, რომ შემთხვევის შედეგად დაჭრილია ყაზახეთის მოქალაქე.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ძაღლს ასეირნებდა, მას სხვა მოქალაქეებთან შელაპარაკება მოუვიდა, რასაც გასროლა მოჰყვა. ასევე, დაჭრილია თავად ელიზბარაშვილის შვილიც, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც თამაზ ელიზბარაშვილმა "მთავარ არხს" განუცხადა, დაჭრილია მისი შვილი, გურამ ელიზბარაშვილიც, რომელიც პოლიციას თავად ჩაბარდა.
"გურამი ჩემი შვილია, 41 წლის. ოთხი შვილის მამაა, ჰყავს 4 შვილი.. სახლში გვყავს ოთხფეხა ოჯახის წევრი, დეკორატიული ძაღლია, პატარა. დილით რომ გაუყვანია ეს ძაღლი, ის ვიღაც ყაზახეთის მოქალაქეს შენიშვნა მიუცია, ძაღლს აქ რატომ ასეირნებო, სვრის ეს ძაღლებიო და ფეხი მოუქნევია დეკორატიული ძაღლისთვის... ბუნებრივია, ჩემმა შვილმა დაიცვა ეს ძაღლი... მერე რა მოხდა, მე ძალიან მაინტერესებს, რადგან ჩემი შვილია დაჭრილი ფეხში... ტყვიითაა დაჭრილი და ისიც დაჭრილია ყაზახი. რა მოხდა, ჩემი შვილი როგორ დაიჭრა, ორმხრივი სროლა იყო თუ რა იყო, გამოძიებას ვთხოვე, მივმართე, რომ კამერების ჩანაწერი გაასაჯაროონ... იარაღი შეიძლება ჰქონოდა, გაფორმებული იარაღი ექნებოდა... პოლიციას ჩემი შვილი თავად ჩაბარდა", - თქვა ელიზბარაშვილმა.