ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლალი ბესტავაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 22 წლის გ.ტ.-ს, რომელსაც გამოძიება 12 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავება.
სხდომა ხაშურის რაიონულ სასამართლოში დახურულ რეჟიმში წარიმართა, ვინაიდან საქმეში დაზარალებულის სტატუსით არასრულწლოვანი ფიგურირებს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის გაუპატიურებას ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში 4 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა. 12 წლის ბავშვი 22 წლის კაცმა ე.წ. ცოლად მოყვანის მიზნით მის საცხოვრებელ სახლში წაიყვანა.
12 წლის ბავშვი ამჟამად, თავშესაფარში იმყოფება. წინასასამართლო სხდომა ხაშურის რაიონულ სასამართლოში 21 დეკემბერს გაიმართება.