რადიკალური ოპოზიციის მიზანი იყო, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ხელი შეეშალათ. ახლა ხვდებიან, რომ მათი მცდელობა ამაო იყო და სასოწარკვეთაში არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ორ დღეში იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ცალსახად პოზიტიური უნდა იყოს, რადგან როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს ერთიანობის ჩვენება თანაბრად სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციას, საქართველოს ისტორიაში მთელი ეს პერიოდი შევა, როგორც ქართული ოპოზიციის შავი ლაქა, რადგან რადიკალურმა ოპოზიციამ ერთადერთი, რაც აჩვენა, არის დაბალი ზნეობრივი სტანდარტი. რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელი შეეშალათ. ახლა, როცა ხვდებიან, რომ მათი მცდელობა ამაო იყო და საქართველოს წინსვლას ხელი ვერ შეუშალეს, სასოწარკვეთაში არიან და უფრო მეტად არათანმიმდევრულ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ. მათი რიგებიდან ვინ რა გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი მიეღო? – რადიკალურ ოპოზიციას ამისთვის არაფერი გაუკეთებია. დასაველთში კაბინეტებში დადიოდნენ და ამბობდნენ, რომ ქვეყანას სტატუსი არ უნდა მიეღო, რადგან ეს მათთვის საფრთხე იყო. თუ საფრთხედ აღიქვამენ, ამაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ და რომც არ აიღონ, ამაზე მათ ხალხი მკაცრ პასუხს არჩევნებზე გასცემს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.