ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს გამოაცხადებს.
ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა უმარლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
„მომავალ კვირას გამოვაცხადებთ, სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ჩვენ სანქციებს დავაწესებთ ვიდრე მშვიდობა არ დადგება", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპა ბევრს სწავლობს უკრაინისგან, რომელსაც ისედაც არ სჭირდება სწავლა, როგორი უნდა იყოს ევროპელი რადგან, უკრაინელები უკვე ევროპელები არიან.
"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ თქვენს ამბიციურ მიზნებს და უკვე წელს დაიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესი. ევროპას სურს თქვენში ინვესტიცია განახორციელოს. ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ გეგმას, რომლის მიხედვით მიიღებთ 50 მილიარდ ევროს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერ ქვეყანას აქვს მიღებული მარშალის გეგმის შემდეგ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ამოცანაა ამ თანხების რაც შეიძლება ეფექტურად გამოყენება, ამიტომ ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად შეიმუშავა რეფორმის გეგმა.
„თქვენ გვასწავლით ევროპის ნამდვილ მნიშვნელობას. ჩვენ მოგვაქვს თქვენთან ევროპელი ხალხის სოლიდარობა. მაგრამ ჩვენ ვერ მოვიყვანთ ევროპას აქ, რადგან ის უკვე აქ არის. ერთად ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ეს ბრძოლა და დავასრულოთ ჩვენი კავშირის მშენებლობა. ჩვენ ერთად ვართ ევროპა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეთორმეტე პაკეტის პროექტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მომავალ კვირას ეცნობება.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტის წინადადებები მოიცავს დაახლოებით 5 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვებს.
ახალ პაკეტში შესაძლოა იყოს 100-ზე მეტი ფიზიკური და ორმოცამდე იურიდიული პირი. ასევე განიხილება ე.წ „სენსიტიურ“ სექტორებში რუსეთის მოქლაქეების დასაქმების აკრძალვა და რუსული აქტივების ევროკავშირში რეპატრიაცია.
ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტის შინაარსი შესაძლოა კვლავ შეიცვალოს, ვიდრე ევროკომისია მას ოფიციალურად წარუდგენს წევრ ქვეყნებს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას ევროკავშირის სამიტის მონაწილეებს მოუწოდა რუსეთზე სანქციებით ზეწოლა გაზარდონ.