ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი პირობას დებს, რომ 2011 წლის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მესამე ვადით კენჭს აღარ იყრის.
ამის შესახებ ედუარდ კოკოითიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.
ოსი სეპარატისტების ლიდერის თქმით, მათ აქვთ "კონსტიტუცია" და მისი მესამე ვადით არჩევნებისთვის მის შეცვლას არ აპირებენ.
რაც შეეხება ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების საკითხს, კოკოითმა აღნიშნა, რომ "არიან ძალიან ბევრი ახალგაზრდები, რომელთაც შეუძლიათ 2001 წელს აღებული კურსის გაგრძელება".
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერით უკმაყოფილო ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო, რადგან კოკოითის გუნდი კრემლს "ძვირად შესანახი" გაუხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კოკოითის შემცვლელი რუსეთში რამდენჯერმე მოძებნეს, თუმცა ბოლო მომენტში მის ჩანაცვლებაზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვეს, რომ მათივე ახლად გამოცხადებულ ე.წ. რესპუბლიკის იმიჯი არ შეელახათ.