სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ღრომისა და ბალაანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.