ახლა უკვე ძალაში შესული კანონიერი გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი ცნობილია კონსტიტუციის დამრღვევად, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიღწეულია მიზანი, რომ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არავის შერჩება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ სამართლიანი. კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისთვის არ არის დაწერილი, ის ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. სამი დღის განმავლობაში ყველა მოქალაქემ კარგად გაიაზრა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე მის აღიარებით ჩვენებებშიც კი გამოჩნდა. დღევანდელი რეალობა არის, ერთის მხრივ, სამწუხარო, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც ფიცი დადო კონსტიტუციაზე, დაარღვია, განუდგა საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია. ახლა უკვე ძალაში შესული კანონიერი გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი არის ცნობილი კონსტიტუციის დამრღვევად.
ჩვენი მიზანია, არავის შერჩეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. რეალურად, ეს მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, გასაგებია, რომ 100 ხმა ვერ მოგროვდება. ეს პოლიტიკური ნაწილია, დღეს უკვე მივიღეთ ძირითადი ნაწილი, სადაც კონსტიტუციამ პრეზიდენტს უჩივლა, მოუგო და თქვა, რომ მე, ძირითადი კანონი არავინ უნდა დამარღვიოს. არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს იყოს იმ ხასიათზე, რა ხასიათზეც იყო დაახლოებით ერთი თვის, თუ თვე-ნახევრის წინ, როდესაც ღიმილიან ფოტოებს უგზავნიდა საკუთარ საზოგადოებას. რეალობა სულ სხვაა, როდესაც შენ პრეცედენტულად ხარ საქართველოში ის პრეზიდენტი, რომელზეც საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ დაარღვია კონსტიტუცია, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაქვს, ასეთი ტვირთის მატარებელი პრეზიდენტი შესაშური ნამდვილად აღარ არის, მით უმეტეს უცხოეთში. საქართველოს პრეზიდენტს დღეს უპასუხა საქართველოს კონსტიტუციამ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.