უკვე მესამე საზღვაო ბაზაა, რომლის განხორციელებაც, როგორც ჩანს, იგეგმება. სწორედ ოკუპაცია არის საქართველოს მთავარი გამოწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია არ არის და არის მოლოდინი, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
"უკვე მესამე საზღვაო ბაზაა, რომლის განხორციელებაც, როგორც ჩანს, იგეგმება. სწორედ ოკუპაცია არის საქართველოს მთავარი გამოწვევა. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოქალაქეები უნდა დავარწმუნოთ, რომ მათი ბედი დაკავშირებული უნდა იყოს არა ოკუპანტთან, არამედ ქართულ სახელმწიფოსთან. ეს არის პოლიტიკა, რამაც საბოლოო გაერთიანებამდე უნდა მიგვიყვანოს, მათ შორის დიდი საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირი ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას მოიხსენიებს, როგორც მოწყვეტილ ტერიტორიებს, ოკუპაციის ხაზს ადმინისტრაციულ საზღვრად. როცა ვხედავთ, რომ, საბედნიეროდ, უკრაინის საკითხზე ევროკავშირი იცვლის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით, ასევე იყოს მკაფიო საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ მიმართ როცა არის მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მათი თანაზიარი ვიქნებით, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს, ოკუპაციას დაარქმევს ოკუპაციას. სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი ოკუპაცია არ არის. ტექტონიკურ ძვრებს ეძახიან იმ პროცესებს, რაც რეგიონში მიმდინარეობს. ამის მონაწილე რამდენიმეა და ძირითადია რუსეთი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, საკუთარი პოზიციების გამყარებას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის საწინააღმდეგო უნდა იყოს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის მეტი ყურადღება საქართველოზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზირების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს.