სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ესპანელ ბიზნესმენებს - ხოსე სალო და ზორდი პუხადესს შეხვდა. ესპანეთიდან დელეგაცია აფხაზეთში საინვესტიციო წინადადებებით ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა აფხაზეთში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის საკითხი. კომპანია "სიმერ"-ის პრეზიდენტის ზორდი პუხადესის თქმით, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ქარხნის მშენებლობას რომელიც ნაგავს სრული ციკლით გადაამუშავებს. მათივე თქმით, ბარსელონაში მდებარე მსგავსი ქარხანა ყველა ეკოლოგიურ ნორმას აკმაყოფილებს.
"სერგეი შამბამ დადებითად შეაფასა წარმოდგენილი პროექტი და აღნიშნა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში უკვე შესულია რამდენიმე მსგავსი წინადადება. მანვე დასძინა, რომ აფხაზეთის ძირითადი მოთხოვება ამგვარი პროექტების განხილვისას - ეკოლოგიური უსაფრთხოება და ეკონომიკური მიზანშეწონილობაა", _ იუწყება აფხაზური მედია.
"ჩვენი მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სრულფასოვანი მოლაპარაკებების დაწყებითაა დაინტერესებული", _ აღნიშნა შამბამ.
მასალის გამოყენების პირობები