ვხედავთ, ძირითადად, რა თემები აქვთ. ეს არის სააკაშვილი-რუსეთი, რუსეთი-სააკაშვილი. ამას წლებია, ვერ ცდებიან, - ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
მისი თქმით, ქართული ოპოზიცია იუმორისტულ გადაცემას დაემსგავსა.
„ეს, რაც ხდება, სინამდვილეში, პოლიტიკის პროფანაციაა და იქ პოლიტიკა უკვე აღარ არის. მათ შორის, პერსონაჟების დონეზე ეს არის აბსოლუტური პროფანაცია. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია იუმორისტულ გადაცემას დაემსგავსა და ეს მართლაც სამწუხაროა. მათ ხალხს ფაქტობრივად, თავადვე მოუსპეს არჩევანი. დღევანდელი ოპოზიციისთვის ხმის მიცემა არის პირდაპირ აღიარება, რომ ხმას აძლევ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, ხმას აძლევ არეულობას და იმას, რომ გატარდეს არა შენი, როგორც ამომრჩევლის, არამედ გატარდეს სხვების ინტერესები, მათ შორის, სხვა ქვეყნებიდან ნაკარნახევი ინტერესები. ამას პირდაპირ აკეთებს ჩვენი ოპოზიცია. ჩამოკიდებული არიან იმაზე, რას იტყვის ესა თუ ის უცხოელი პოლიტიკოსი და არავითარი საკუთარი ინიციატივა არ გააჩნიათ. ვხედავთ, ძირითადად, რა თემები აქვთ. ეს არის სააკაშვილი-რუსეთი, რუსეთი-სააკაშვილი. ამას წლებია, ვერ ცდებიან. ხანდახან მიკვირს, ადამიანურად როგორ უძლებენ ამდენ ბოღმას, რომელსაც აგროვებენ და შემდეგ აფრქვევენ. ერთადერთი პოლიტიკა, რაც აქვთ, არის ბოღმის პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ. ამიტომ, სამწუხაროდ, მათ ქმედებებს სერიოზულადაც ვერ ვაფასებ. ეს არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც საცეცებივით არის მოდებული მთლიან ოპოზიციას, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ფილოსოფიას, რომელიც მან საკუთარ მიმდევრებში დაამკვიდრა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.