ეროვნულ არქივში ხანძრის შედეგად დაიწვა კინოფირების საცავი, სადაც ნიტროფირები ინახებოდა, თუმცა როგორც არქივში აცხადებენ, ყველა გაციფრულებულია და კინომასალა არ დაიკარგება.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, თეონა იაშვილის განცხადებით, ნიტროფირები თვითაალებადია და ამიტომ ინახებოდა ცალკე საცავში.
„ხანძარი გაუჩნდა არქივის შენობის ეზოში განთავსებულ კინოფირების საცავს, სადაც ნიტროფირები ინახებოდა. ნიტროფირი კინოფირია, რომელზეც კინოფილმების გადაღება ხდებოდა. ყველა ეს მასალა გაციფრებულია და ასლები არქივში ინახება, საუბარია დედნების განადგურებაზე. თვითაალებადია და ამით არის განპირობებული ცალკე შენობაში რომ ინახებოდა”, – პირველი არხის ცნობით, აცხადებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი.
ხანძარი ეროვნული არქივის ეზოში, ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.