შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სტიქიის ზონიდან, მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დღის განმავლობაში, გზებზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ვცდილობთ, რომ ყველა იმ სოფელში მივიდეთ, სადაც შესაძლოა ადამიანებს ჩვენი დახმარება სჭირდებოდეთ. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები.
დღის განმავლობაში, ჩართული იყო 200 მეხანძრე-მაშველი. საძიებო სამუშაოებში, როგორც ნავები, ასევე დრონი და კინოლოგიური სამსახური იყო ჩართული.
ამ დროისთვის არის გარკვეული ლოკაციები, სადაც უშუალოდ ტრანსპორტის საშუალებით ვერ მოხერხდა მისვლა, თუმცაღა ფეხით მისულები ვართ ყველგან, თითოეულ მოქალაქესთან, გვაქვს კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო, ასევე პირადად ადგილზე. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტი იქნება ეს, თუ სხვა საჭირო საშუალებები, რა თქმა უნდა მივაწვდით“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. ნაპოვნია სამი ცხედარი, მათ შორის ორი მოზარდის.