საქართველოს უკრაინიზაციას ჩვენ არ დავუშვებთ. მედვედევი იქნება, თუ რუსეთის სხვა თანამდებობის პირი, როგორი მაპროვოცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს, ჩვენ ამას დავგმობთ, შესაბამის პასუხს გავცემთ, მაგრამ არ ავყვებით პროვოცირებას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია, ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იქნება“.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს დღეს რომ შენარჩუნებული აქვს მშვიდობა, პირველ რიგში, ეს არის ქართული საზოგადოების, საქართველოს ხელისუფლების დამსახურება.
„ვერც რუსეთის ფედერაციის რომელიმე თანამდებობის პირის და ვერც სხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირის განცხადება ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რომ ჩვენ საქართველოში არ დავუშვებთ უკრაინიზაციას, რაც გულისხმობს, რომ ბევრი სახელმწიფო თავის ინტერესს ხედავს უკრაინის ომში, რასაც, სამწუხაროდ, ეწირება უკრაინის სახელმწიფო, უკრაინელი ხალხი, უკრაინის ეკონომიკა, მომავალი და ა.შ. საქართველოს უკრაინიზაციას ჩვენ აქ არ დავუშვებთ. მიუხედავად იმისა, როგორი მაპროვოცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს მედვედევი იქნება ეს, რუსეთის სხვა თანამდებობის პირი, თუ სხვა სახელმწიფოს ნებისმიერი თანამდებობის პირი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავგმობთ და შესაბამის პასუხს გავცემთ, მაგრამ არ ავყვებით იმ პროვოცირებას, რასაც ჰქვია ნებისმიერი ფაქტი, თუ განცხადება, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. საერთაშორისო სასამართლოები გვაქვს მოგებული რუსეთთან მიმართებაში და ბევრი სხვა აქტები არსებობს, რომ დეოკუპაციის პროცესი უნდა მოხდეს მშვიდობიანად.
ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამაზე საერთაშორისო სასამართლოები გვაქვს მოგებული, ეს ფაქტები მეტყველებს, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პოლიტიკა. რა თქმა უნდა, რეაგირება ყოველთვის მკაცრი იქნება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერავინ, ვერც მედვედევი, ვერც სხვა თანამდებობის პირი რუსეთიდან, თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რომ აქ, საქართველოში უკრაინიზაცია არ იქნება. ის, რომ საქართველოს დღეს აქვს შენარჩუნებული მშვიდობა, პირველ რიგში, ეს არის ქართული საზოგადოების, საქართველოს ხელისუფლების სწორი პოლიტიკის დამსახურება და იმის დამსახურება, რომ „ხალხის ძალამ“ სწორი ინფორმაცია სწორად მივაწოდეთ საზოგადოებას იმ მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს თავზე იყო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.