ახალგორის რაიონში ე. წ. პასპორტიზაციის პროცესის დაწყებიდან, სეპარატისტებმა 600-მდე ფორმა # 9 (დროებითი მოწმობა) უკვე გასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ახალგორის რაიონის ე. წ. საპასპორტო სამსახურის უფროსის მაია ძუგაევას ინფორმაციით, მოწმობები გაცემულია სოფლების - ახალგორის, ყანჩავეთისა და მოსაბრუნის მოსახლეობისთვის.
"სოფლების - ახალგორის, ყანჩავეთისა და მოსაბრუნის - მოსახლეობისთვის უკვე გაცემულია 600 ფორმა # 9. გარდა ამისა, უკვე გაკეთებულია 800-მდე განაცხადი და მათ განვიხილავთ", _ აცხადებს ძუგაევა და აღნიშნავს - "ყველა ამ ადამიანს სურთ ჰქონდეთ სამხრეთ ოსეთის პასპორტი, თუმცა, ამავე დროს, მათ სურთ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა თბილისშია ჩაწერილი და იქ უძრავი ქონება აქვთ".
"მაგრამ სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ორმაგი მოქალაქეობა და უკვე ორი წელია გასული და ამ დროის განმავლობაში უკვე დროა გადაწყვიტო, რომელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება გსურთ და სად გინდა ცხოვრება - საქართველოში თუ სამხრეთ ოსეთში", _ აცხადებს ძუგაევა.
მისი ინფორმაციით, ახალგორის რაიონში 1600 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ეს რიცხვი საბოლოო არ არის და იგი მუდმივად იცვლება - "რადგანაც მოსახლეობა ხშირად გადაადგილდება ორივე მიმართულებით საქართველოში და პირიქით".