"აფხაზეთში რუსეთის ელჩის რეზიდენცია და საელჩოს შენობა აუცილებლად ჩაეწერება სოხუმის არქიტექტურულ სტილში", _ ეს განცხადება სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის ე. წ. ელჩმა სემიონ გრიგორიევმა გააკეთა.
ამჟამად აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიერ სოხუმში რუსეთის საელჩოსა და ელჩის რეზიდენციის ასაგებად გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე (სინოპსა და ლაკობას ქუჩაზე) არქეოლოგები მუშაობენ.
"აფხაზური კანონმდებლობით არქეოლოგიური ექსპედიციების ჩატარება სავალდებულოა ამიტომაც ამ ადგილებში მუშაობენ არქეოლოგები აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტიდან", _ იუწყება აფხაზური მხარე.
"პროცესი დაიწყო და ეს ძალიან გვიხარია, იმიტომ, რომ ერთი წლის წინ გამოიყო ეს მიწა და ნაირგვარი ბიუროკრატიული სტადიების გავლამ მოგვიწია. ახლა კი რუსეთის საკმაოდ ავტორიტეტული და ცნობილი ინსტიტუტები პროექტირებით არიან დაკავებულნი", _ განაცხადა აფხაზეთში რუსეთის ე. წ. ელჩმა სემიონ გრიგორიევმა.