ოპოზიცია უკვე პირდაპირ ამბობს, რომ იბრძვიან იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა,.
„ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ ბრიუსელში წყდებოდა კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი. სამადაშვილმა თქვა, რომ არა, კიევში წყდება ზელენსკის მიერო. ახლა კიევსა და ბრიუსელს შორის მურმანის ეკალივით აღმოჩნდა მურმან დუმბაძე და თქვა, რომ ბათუმში წყდებაო, არ უნდა მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსიო. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალურად, ოპოზიცია უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ჩვენ ამას ვამბობდით და ვამტკიცებდით და შეიძლება, მადლობაც გადავუხადოთ, რომ აღარ გვჭირდება მტკიცებულებების მოძიება, რომ ეს კულისებში ხდება. პირდაპირ ამბობენ უგულავა, ცისკარიშვილი და ახლა დუმბაძე დაემატა. ბევრნი, პირდაპირ ამბობენ, რომ, დიახ, ისინი არ არიან მომხრე, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. რატომ? იმიტომ, რომ შემდეგ, მათი აზრით, აქ რაღაც არეულობა იყოს გამოწვეული და ა.შ. ეს მოცემულობაა. მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები იქნებიან ევროკავშირში და საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურ და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა: „ევროპას ვეუბნები, არ მისცეთ ქართულ სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსი, არ ეკუთვნის“.