სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი ოპოზიციური პარტია "სახალხო ერთიანობის ფორუმი", რომელსაც რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობს, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის მიერ რუსეთისთვის აფხაზეთში არსებული სამი სახელმწიფო აგარაკის ჩუქებას ეწინააღმდეგება.
ოპოზიციურ პარტიას სპეციალურად ამ საკითხისადმი მიძღვნილ საგანგებო განცხადებაში ინტერესდება - "გვაინტერესებს, აფხაზურ-რუსული ურთიერთობების კონკრეტულად რომელი სამართლებრივ-საერთაშორისო რეალიები აიძულებს სახელმწიფოს მეთაურს სპეცდანიშნულების ობიექტები - სახელმწიფო აგარაკები მიუსერაში, ბიჭვინთასა და გაგრაში რუსეთს გადასცეს?" - ნათქვამია განცხადებაში.
იქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პარტია რუსეთის დიდი მადლობელია და აფხაზეთისა და რუსეთის "ურთიერთქმედებას სხვა ალტერნატივა არა აქვს". თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობები "აგარაკების საკითხებამდე" არ უნდა დავიდეს.
"ყველასთვის ცნობილია, რომ საბჭოურ დროში ეს ობიექტები ეკონომიკური სარგებლის მოტანის მიზნით არ იქმნებოდა. ომისშემდგომ წლებში აფხაზეთის ბლოკადისა და იზოლაციის წლებში ისინი სრული დატვირთვით ვერ იმუშავებდნენ რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის გამყარებისთვის.
არადა, ამ ობიექტებს თავისი ინფრასტრუქტურით დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. არავის დაუშლია ახლანდელი "პრაგმატული" აფხაზური ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ხელსაყრელ პირობებში მუშაობს და "მთელს მსოფლიოს აოცებს" თავისი "ეკონომიკური სასწაულით" თითქმის ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უფრო აქტიურად და შედეგისმომცემად ესარგებლა ამ მსხვილი სააგარაკო კომპლექსებით ელიტური ტურიზმისა და ეკონომიკის განსავითარებლად.
განა ეს საკურორტო კომპლექსები არ წარმოადგენენ თავის თავში ფასეულობას ჩვენი ქვეყნისთვის თავისი განუმეორებელი ადგილმდებარეობითა და უნიკალური ბუნებრივი ზონით?" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთისათვის აფხაზეთში ე. წ. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ინიციატივით გამოდის.
"რატომ არ შეგვიძლია იმ ქვეყანას რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა პირველმა აღიარა და არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, საკუთრებაში გადავცეთ ობიექტები, რომლებიც ისედაც, ადრე, საბჭოთა კავშირის საკუთრებაში იმყოფებოდა", _ აცხადებს ბაღაფში.
"უკვე გადავწყვიტე, რომ ეს ობიექტები რუსეთის ფედერაციას უნდა გადაეცეს, არ შეიძლება იმის დავიწყება, რა გააკეთა და რაც აკეთებს რუსეთი ჩვენთვის. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად სხვადასხვა ობიექტის ვინმესთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ პარლამენტი იღებს და ისვე ახდენს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების რატიფიცირებას", _ აცხადებს ბაღაფში და აღნიშნავს, რომ გაგრაში მდებარე ობიექტი ჯერ კიდევ 2003 წელს გაიყიდა 25 მილიონ რუბლად, ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკი კი რუსეთის ფედერაცია უვადო სარგებლობის ვადით 1995 წელს გადაეცა.