დღეს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქუთაისის მოსახლეობასთან ქალაქის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
აქციაში იუსტიციის სამინისტროში შემავალმა თითქმის ყველა სამსახურმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ეროვნულმა არქივმა, ნოტარიუსთა პალატამ, საკანონმდებლო მაცნემ, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიიღო მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში ქუთაისის მოსახლეობას საშუალება მიეცა პირადად შეხვედროდა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, მიეღო საჭირო სერვისებზე ამომწურავი ინფორმაცია, ასევე მიეღო იურიდიული კონსულტაცია. სამინისტროს წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ მოისმინეს მოსახლეობის პრობლემები და შესაძლებლობის ფარგლებში ადგილზე გაუწიეს მათ დახმარება.
"იუსტიციის სამინისტრო მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს განაგრძობს, ჩვენი მიზანია ხალხს კარგად ავუხსნათ თუ რა სერვისებით შეუძლიათ ისარგებლონ, ასევე ჩვენმა იურისტებმა იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს მოქალაქეებს და მოისმინეს მათი პრობლემები, რათა ოფისებში დაბრუნებისთანავე ამ პრობლემების მოგვარებაზე დაიწყონ ზრუნვა," _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მოსახლეობას იუსტიციის სახლის კონცეფციაზეც ესაუბრნენ, რაც ნიშნავს მომავლისთვის ყველა სერვისის ერთ სივრცეში გაერთიანებას. მოსახლეობამ ასევე შეიტყო იმის შესახებ, თუ რა გამარტივებული სერვისებით სარგებლობას შეძლებენ ისინი მომავალში.
"სერვისის გამარტივებით ჩვენ ვაუმჯობესებთ მოქალაქეთა მომსახურებას. მათ გაცილებით ნაკლები დრო სჭირდებათ კონკრეტული დოკუმენტის მისაღებად, მოქალაქე მომსახურებას უკვე ერთი ფანჯრის პრინციპით, ან სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით იღებს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას დაურიგდა სამოქალაქო და საჯარო რეესტრების, ნოტარიატის, ეროვნული არქივის, სასწავლო ცენტრის სერვისების შესახებ დამზადებული სპეციალური ფლაერები, ჟურნალები და სხვა საინფორმაციო ბარათები.
მოსახლეობასთან შეხვედრები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონიდან დაიწყეს. თელავისა და გურჯაანის შემდეგ, მსგავსი შეხვედრა მარნეულსა და ახალციხეშიც გაიმართა. იუსტიციის სამინისტრო საინფორმაციო აქციებს მოსახლეობასთან მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებში გააგრძელებს.