აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში გაეროს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაში დახმარებას სთხოვს. იგი მოუწოდებს გაეროს ხელი შეუწყოს საქართველოსა და აფხაზეთს შორის აღებული ვალდებულებების საერთაშორისო დონეზე გამყარებას. ყოველივე ამის შესახებ საუბარი წერილში რომელიც სერგეი ბაღაფშმა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს გაუგზავნა.
წერილში, აფხაზური მხარის ინფორმაციით, გამოთქმულია აფხაზური მხარის სურვილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების შესახებ.
"დადასტურებულია პოზიცია, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და აფხაზეთს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებასა და საქართველოსა და აფხაზეთს შორის კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი ურთიერთობების დამყარებას ისახავს მიზნად', _ იუწყება აფხაზური მხარე.
წერილში ბაღაფში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთის სტრატეგიული მოკავშირე - რუსეთის ფედერაცია კვლავაც რჩება საქართველოსა და აფხაზეთს შორის სამხედრო მოქმედებების განუახლებლობის გარანტი.
"კონფლიქტის მთელი პერიოდის განმავლობაში აფხაზეთი არასოდეს ყოფილა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიის სათავე და მომავალშიც არ აპირებს ამის გაკეთებას. ჩვენ ახლაც ვაცხადებთ ოფიციალურად, რომ ვიზიარებთ საერთაშორისოდ მიღებულ პრინციპს ძალის გამოუყენებლობის შესახებ, თუმცა საქართველოს თავდასხმის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას თავდაცვისა ჰაერზე, ხმელეთზე და წყალში", _ ნათქვამია ბაღაფშის წერილში.