წნორში, ქიზიყის ქუჩაზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 5 სართულიანი საცხოვრებელი ბინის 70-მდე მაცხოვრებელი „სოკარ-ჯორჯია-გაზის" მოთხოვნას აპროტესტებს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, კომპანია აბონენტებისგან მრიცხველების შეცვლას და ახალი მრიცხველების დამონტაჟებისთვის თითოეული მათგანისგან 140 ლარის გადახდას ითხოვს.
„სიღნაღგაზის" ტექნიკური სამსახურიდან არიან მოსულები და ძველი მრიცხველების შეცვლას გვაიძულებენ. ახალ მრიცხველებს თუ არ დააყენებთ, ბუნებრივი აირი შეგიწყდებათო. არ გვაქვს 140 ლარის გადახდის საშუალება", - აღნიშნა აქციის მონაწილე მაია გურაშვილმა.
მისივე თქმით, აქციაზე მისულები არიან ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით ემუქრებიან.
„სიღნაღგაზის" დირექტორის გიორგი ზედელაშვილის განცხადებით, მრიცხველის საფასურის გადახდა იმ აბონენტებს დაეკისრებათ, ვინც მისი ვარგისიანობის დამადასტურებელ ლაბორატორიულ დასკვნა ვერ წარმოადგენს.