სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღვინჯია უკვე შეხვდა ბერნში არსებული ფედერალური საკრებულოს (პარლამენტი) რამდენიმე წარმომადგენელს.
"ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთსა და შვეიცარიას შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხები. დეპუტატებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების ინციატივა დადებითა მიიღეს", _ აცხადებს ღვინჯია.
მისვე თქმით, მას ასევე ჰქონდა შეხვედრები ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. "მათთან გამართული შეხვედრის დროს განვიხილეთ ინვესტიციების გახორციელების შესაძლებლობები, კერძოდ აფხაზეთის სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების საკითხი", _ განაცხადა ღვინჯიამ და დასძინა, რომ რამდენიმე დღეში ციურიხში შვეიცარიულ-აფხაზური სავაჭრო პალატა გაიხსნება.