ხვალ, 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციიდან" 6 წელი სრულდება. 2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა'' და "გაერთიანებული დემოკრატები'' მოვიდნენ. 2004 წლის იანვარ-მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტი არჩევნების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პრემიერ-მინისტრი კი, ზურაბ ჟვანია გახდა.
2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ოპოზიციისა და ამომრჩევლის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო პარლამენტის შენობის წინ აქციები დაიწყო. აქციის ორგანიზატორები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" და "გაერთიანებული დემოკრატები".
ხელისუფლებამ არჩევნების შედეგების გადახედვაზე უარი თქვა. მომიტინგეების მოთხოვნები უფრო რადიკალური გახდა და ისინი მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდნენ.
2003 წლის 22 ნოემბერს, 16:00 საათზე 2 ნოემბრის არჩევნების შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტის სხდომა დაინიშნა. სხდომაზე ედუარდ შევარდნაძეც მივიდა. დაახლოებით 16:15 საათზე მომიტინგეები, რომელთაც წინ მიხეილ სააკაშვილი მიუძღოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. პირადმა დაცვამ შევარდნაძე საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გაიყვანა.
პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობების დაკავების შემდეგ, მომიტინგეები კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ დაიძრნენ. კვირას, 23 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები გააუქმა.