პრემიერმა ახსნა აბსოლუტურად ყველაფერი, რა იყო, როგორ იყო 12 წლის განმავლობაში, როგორ გვებრძოდნენ, რამდენჯერ უნდოდათ რევოლუციის მოწყობა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„განვიხილეთ მთელი განვლილი გზა 12 წლის განმავლობაში, როგორ იარა ბიზნესმა და ქვეყანამ. 12 წლის განმავლობაში არ გადაუხვევია გზიდან ქვეყანას და აბსოლუტურად ყველა ბიზნესმენი ხედავს. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს რაღაც განსაკუთრებული ხდება, არა, პრემიერმა ახსნა აბსოლუტურად ყველაფერი, რა იყო, როგორ იყო 12 წლის განმავლობაში, როგორ გვებრძოდნენ, რამდენჯერ უნდოდათ რევოლუციის მოწყობა. ჩვენი ქვეყანა არ მოასვენეს და ვერ დავისვენეთ საერთოდ. ბევრი კრიზისი გადაგვივლია და გამოგვივლია“, – აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნებსაც.
„ვილაპარაკეთ არჩევნებზეც. მილიონ ას ოცი ათასმა ადამიანმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ოთხმა დანარჩენმა პარტიამ აიღო დანარჩენი ხმები და კითხვა მაქვს, რას ნიშნავს, იქამდე ვატაროთ არჩევნები, ვიდრე ისინი არ მოიგებენ? გამორიცხულია. 12 წელია, სიწყნარეა და სიწყნარე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა ნოშრევან ნამორაძემ.
ნოშრევან ნამორაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტსაც მიმართა: „თქვენი სიტყვა არ დაიჯერება, თქვენ მე მაბულინგებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც თქვენ მე რასაც მიშვებოდით, როგორ ატერორებდით ბიზნესს და ზოგადად მოსახლეობას, დღეს განაგრძობთ აქედან, აი აქედან, ტელევიზიიებიდან განაგრძობთ ამას. ცოდოა ეს ხალხი, დაასვენეთ, დაასვენეთ ეს ქვეყანა. 12 წელია, მაინც ეკონომიკური ზრდა არის, მაინც წინსვლაა და შესაბამისად, დღეს მაქსიმალურად მცდელობაა, რომ გადატეხონ და რამეს მიაღწიონ. არავის არაფერი გამოუვა, დღეს ბიზნესი დგას მოწოდების სიმაღლეზე. მესმის, თქვენ აბულინგებთ და ბიზნესი იმიტომ არის შეწუხებული. ამ ბულინგის მსხვერპლია ბიზნესიც. ყოველ მეორე სიტყვაში ბულინგია“.