ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ორი რუსული სამხედრო ქალაქის გახსნას ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი და მისი ე. წ. მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, სოფელ ზივლეთში გახსნილ სამხედრო ქალაქში წითელი ლენტი ედუარდ კოკოითიმ, ე. წ. რუსეთის ელჩმა ელბრუს კარგიევმა, რუსმა გენერალ პოლკოვნიკმა ევგენი ინჩინმა და გენერალ პოლკოვნიკმა ნიკოლაი ლისინსკიმ გაჭრეს.
სამხედრო ქალაქის გახსნის აღსანიშნავად ოს სეპარატისტთა ლიდერმა სადღეგრძელო დალია.
"დღეს ოსურ მიწაზე დიდი ზეიმია - ჩვენ ვართ მოწმეები იმისა, თუ როგორ ეფექტურად რეალიზდება ჩვენი მოლაპარაკებები საზღვრის დაცვის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც ააშენა ეს ქალაქები და ვინც მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის საზღვრების ერთობლივად დაცვისა", _ განაცხადა კოკოითიმ სადღეგრძელოში და განკარგულება გასცა, რუს ოკუპანტთა ამ ქალაქებში მყოფი სამხედროებისთვის ე. წ. სამხრეთ ოსეთის ისტორიის წიგნები მიეწოდებინათ - "მათ უნდა იცოდნენ იმ მიწის ისტორია, სადაც იმყოფებიან", _ ახსნა თავისი გადაწყვეტილება კოკოითიმ.
"19 სამხედრო ქალაქიდან, რომელიც სამხრეთ ოსეთში უნდა გაიხსნას, ორი უკვე გახსნილია. ჩვენი ხალხის არჩევანი რევიზიას არ ექვემდებარება. ჩვენ ვიყავით რუსეთთან და ვიქნებით რუსეთთან. გილოცავთ", _ განაცხადა კოკოითიმ.
"მეორე სამხედრო ქალაქის გახსნისას (სოფელ მუგუთში) სტუმრებს მადლიერების სიტყვებით შეხვდნენ მოსაზღვრე სოფლების - დიდმუხას, ჭორბაულისა და ზემო ავნევის მცხოვრებლები", _ იუწყება ინფორმაციის კომიტეტი და აღნიშნავს, რომ სოფელ დიდმუხას ე. წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ზაურ ვალიევის თქმით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ამ საზღვარზე მდებარე სოფლებში 700-ზე მეტი მცხოვრებია.
"ადრე ეს დიდი სოფლები იყო და შესაბამისად მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ გამუდმებული საფრთხის გამო ხალხი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. მე, მაგალითად, სოფელ მუგუთის ბოლოს ვცხოვრობ. ჩემი სახლიდან უახლოეს ქართულ სახლამდე მანძილი 50 მეტრია. ჩვენ საქართველოს ქარელის რაიონის სოფელ დვანს ვესაზღვრებით. ახლა დაცულობის შეგრძნება მეტი გვაქვს. მადლობელნი ვართ იმისათვის, რომ აქ ასეთი სამხედრო ქალაქი აშენდა, იმიტომ, რომ თუკი რუსეთმა აქ ასეთი თანამედროვე ქალაქი ააშენა, ეს ნიშნავს, რომ იგი წასვლას არ აპირებს", _ აცხადებს ვალიევი.