ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ ევროპა, რომელიც ჯერ კიდევ სტალინური პოლიტიკის გავლენის ქვეშ იმყოფება არაფრით არ არის მზად ჩვენთან ცივილიზებული ურთიერთობა დაამყაროს და გამუდმებით წინააღმდეგობებსა და საზღვრებს ქმნის. განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ -მინისტრმა სერგეი შამბამ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან პიტერ სემნებთან სოხუმში გამართული შეხვედრისას გააკეთა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით ამაზე პიტერ სემნებმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ძალიან "უჩვეულო" სიტუაციაა შექმნილი.
"ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ნათელია - ერთის მხრივ არ აღიარება და მეორეს მხრივ იმ ფაქტის აღიარება, რომ აქაც ადამიანები ცხოვრობენ თავიანთი მიზნებითა და ამოცანებით, რომლებიც ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ", _ განაცხადა სემნებმა და დასძინა, რომ მიუხედავად პოლიტიკურ უთანხმოებებისა არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვან სფერო, სადაც თანამშრომლობა შეიძლება - მაგალითად კრიმინალთან და დანაშაულთან ბრძოლა.
ამასთან ერთად, აფხაზური მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერგეი შამბას თავისი მრჩევლები თინა რაიალა და საიეტ ალი წარუდგინა, რომლებიც ამჟამად ამ სფეროში მიმოხილვას აკეთებენ, იმისათვის რათა შემდეგ კონკრეტული წინადადებები წარადგინონ.
სემნებმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, მომდევნო წლის დასაწყისიდან იწყებენ მუშაობას პროექტზე, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას ეხება. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ჩვენ ვიმუშავებთ სამართალდამცავებთან და სამედიცინო პერსონალთან გალის რაიონსა და მოსაზღვრე ტერიტორიებზე", _ განაცხადა სემნებმა.
ამასთან ერთად, აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ შეხვედრაზე გარდა ამ პრობლემისა პიტერ სემნებისა და სერგეი შამბას შორის გამართულ შეხვედრაზე მსჯელობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსაც შეეხო. მათივე ინფორმაციით, შამბამ ამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ "სააკაშვილის მშვიდობისმოყვარე განცხადებების დაჯერება მაშინ შეიძლება, როდესაც საქართველო აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას გააფორმებს".
მასალის გამოყენების პირობები