ატმოსფერო, რომელიც ბოლო დროს ქართულ-აფხაზური დარეგულირების ირგვლივ იქმნება ევროპული პოლიტიკური სტრუქტურებისა და აშშ-ს სენატის რეაქციების ფონზე რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე გაკეთდა, აიძულებს აფხაზეთს თავისი პოზიციის კორექტირება მოახდინოს. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან პიტერ სემნებთან სოხუმში გამართული შეხვედრისას გააკეთა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით სერგეი ბაღაფშმა და პიტერ სემნებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ისაუბრეს. სერგეი ბაღაფშს აზრით, თანამშრომლობის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ასპექტებად დაყოფამ დადებითი შედეგები ვერ მოიტანა. "ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურად გაუაზრებელ, ანგაჟირებულ მოქმედებებს ევროპული სტრუქტურებისა საქართველოს მხარდასაჭერად, მიუხედავად იმ ტრაგიკული მოვლენებისა, რომლებშიც ბრალი საქართველოს მიუძღვის", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროკავშირის მისიას თავისი დამოკიდებულება "თბილისის მშვიდობიან ინიციატივებზე".
"საქართველოსთან ურთიერთობების გამოცდილება აფხაზურ მხარეს სულ სხვა რამეში არწმუნებს. სწორედ ამიტომაც სოხუმი არ ენდობა სააკაშვილის არც ერთ დეკლარაციას, მანამ ვიდრე არ მიიღებს მკაფიო დადასტურებას იმისა, რომ საქართველო მზადაა თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გააფორმოს საერთაშორისო გარანტიებით", _ განაცხადა ბაღაფშმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის ოფიციალური წერილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნისათვის უკვე გაგზავნილია.
ბაღაფშმა შეხვედრის დროს ასევე გააფრთხილა სემნები, რომ უახლოეს მომავალში მდინარე ენგურის გასწვრივ სრულფასოვანი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შექმნას აპირებს.