ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც 12 საფუტკრე მეურნეობას აერთიანებს, ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემაში (NAITS) ჩაერთო. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ასოციაციამ ხელი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მოაწერა.
თანამშრომლობა ითვალისწინებს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასოციაციის წევრი საფუტკრე მეურნეობების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობის შესაბამისი სტანდარტებით განთავსებას (საქართველოს მთავრობის დადგენილება #505). მემორანდუმის მიხედვით, მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია შეძლებს ელექტრონულ სისტემაში საკუთარი წევრი საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის მართვას. ასევე, საფუტკრე მეურნეობებისთვის NAITS-ის რეგისტრაციის სერტიფიკატების მინიჭებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მეურნეობების მუშობის მაღალი ხარისხისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენაში სახელმწიფო, ფინანსურ თუ საერთაშორისო ინსტიტუციებთან ურთიერთობისას. აღნიშნული თანამშრომლობა პირველი მაგალითია, როცა NAITS-ში მეურნეობების ასოციაცია გაწევრიანდა.
NAITS-ის ელექტრონული სისტემა აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს. ასევე ინფორმაციას მათი ადგილსამყოფელის, მათზე განხორციელებული მანიპულაციებისა და მფლობელების ან პასუხისმგებელი პირების შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით.
2023 წლის იანვრიდან კანონით სავალდებულო გახდა საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციაც. კანონის მიხედვით, საფუტკრე მეურნეობებისთვის სავალდებულოა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის გავლა იმისათვის, რომ მათ შეძლონ ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, ყიდვა-გაყიდვა და მარკეტინგული საქმიანობები. საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაცია, გარდა იმისა, რომ სურსათის უვნებლობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე წინ გადადგმული ნაბიჯია დედა ფუტკრის ექსპორტის მიმართულებით.
„საფუტკრეთა იდენტიფიკაცია და მათი NAITS-ში რეგისტრაცია, თავისთავად, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ფუტკრის ჯანმრთელობისა და მისგან მიღებული პროდუქტების მიკვლევადობის კუთხით. ცალკე აღნიშვნის ღირსია მეფუტკრეთა ასოციაციების აქტიური მონაწილეობა და მათი ჩართულობის მნიშვნელობა ამ პროცესში, რაც წევრი მეურნეობების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესს უზრუნველყოფს და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის კონტროლს ფერმიდან - სუფრამდე. ეს კი, როგორც სახელმწიფოს, ასევე მეფუტკრეების ინტერესში შედის. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი პროდუქციის განთავსებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, - განაცხადა NAITS-ის პროექტის მენეჯერმა მიხეილ სოხაძემ.
„კერძო სექტორის დაინტერესება და ჩართულობა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს მეფუტკრეების მიერ წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას, კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას,“- აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
„NAITS-ში რეგისტრაცია სისტემაში ჩართულ საფუტკრეებს და სადედე-სანაშენე მეურნეობებს ხელს შეუწყობს გეგმაზომიერი და პროგნოზირებადი ხარისხისა და რაოდენობის მეფუტკრეობის პროდუქციის და დედა-ფუტკრების წარმოებაში; ხელს შეუწყობს საფუტკრეების ვეტერინარულ კონტროლს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად. ეს ფაქტორები კრიტიკულად მნიშვნელოვანია არამარტო ქვეყნის შიდა წარმოებისთვის, არამედ მეურნეობების საზღვარგარეთელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა ასოციაციის დამფუძნებელმა და საფუტკრე მეურნეობების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზვიად ლორიამ.
NAITS-ის პროექტს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.