ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს კიდევ ერთი საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ მომზადებული ნოტა რუსეთის დედაქალაქში ამჯერადაც შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით გაიგზავნა.
"საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთში საპროტესტო ნოტა გაგზავნა. ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში აქვს ადგილი. ეს შეეხება რუსეთის ფედერაციისა და მარიონეტული რეჟიმების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, ცხინვალში ე.წ. სმერჩის ტიპის შეიარაღების განთავსებას, ასევე სეპარატისტული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ბრძანებას, რომლის საფუძველზეც ახალგორის რაიონის საქართველოს მოქალაქეების აღრიცხვიანობა და მათთვის ქონების ჩამორთმევა მიმდინარეობს, გარდა ამისა ყველა იმ ვანდალურ ფაქტს, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰქონდა ადგილი", - განმარტა კალანდაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, უსაფრთხოების მექანიზმების შექმნისა და დევნილთა ღირსეულად დაბრუნების საკითხების გარდა ქართული მხარე აღნიშნულ საკითხებს ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდზეც დააყენებს.
"ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებებს ოპტიმისტურად ვუყურებთ მიუხედავად არარსებული პროგრესისა და ამას მოწმობს ის, რომ მოლაპარაკებათა შემდეგ რაუნდსაც, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება კვლავ გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს, რომელსაც ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა უჭირავს", - დასძინა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, თუმცა აქამდე მას საგარეო საქმეთა პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.