თბილისისა "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირება, რომელიც ქართულ "კლასიკოდ" არის შერაცხული, თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1:0.
მატჩი ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და მას 1000-მდე მაყურებელი დაესწრო.
მე-2 ტაიმში, თბილისელთა მორიგი შეტევისას, მსაჯმა "ტორპედოს" საჯარიმოდან სამიოდე მეტრში სტუმრები დააჯარიმა. სტანდარტული მდგომარეობიდან დავით მუჯირის ძლიერად დარტყმული ბურთი "ტორპედოს" გოლკიპერისაგან მარცხენა შორეულ კუთხეში შევარდა - 1:0.
მატჩის ბოლომდე მეტოქეები უშედეგოდ ეცადნენ ერთმანეთის კარის დალაშქვრას. ამრიგად, "დინამოსა" და"ტორპედოს" რიგით 45-ე საჩემპიონატო დაპირისპირება თბილისელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.
ამ მოგებით, ეროვნულ ჩემპიონატში "დინამოელებმა" 35 ქულა დააგროვეს და პირველ-მეორე ადგილზე მყოფ "ზესტაფონსა" და რუსთავის "ოლიმპს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.
რაც შეეხება "ტორპედოს", ისინი 22 ქულით მე-6 ადგილზე დარჩნენ.
ამ შეხვედრით დასრულდა საქართველოს 22-ე საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 წრე. ჩემპიონატი მომავალი წლის თებერვალში განახლდება.