სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ლაჩინის დერეფნის მახლობლად შეტაკაბები მოხდა. არიან დაღუპულები. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოფელ ტეხთან აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან საბრძოლო შეტაკებების შედეგად ოთხი სომეხი სამხედრო დაიღუპა, ექვსი დაიჭრა.
სომხეთის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომეხ ჯარისკაცებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.
თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სამი აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება.
უწყების ცნობით, 11 აპრილს სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ლაჩინის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომეხ ჯარისკაცებს ცეცხლითვე უპასუხეს.