კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურმა" ახალი ტექნიკა შეიძინა.
7 მლნ ლარის ღირებულების ამწეები და სატვირთო ტრაილერები ფოთის პორტის ახალ ტერმინალში განთავსდება.
ტერმინალის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. ტერმინალში 50 ადგილობრივი დასაქმდება. მათ შესაბამისი გადამზადების კურსები უკვე გაიარეს.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის მფლობელი "რაკ ჯგუფი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. "რაკ ჯგუფის" კომპანიები სხვადასხვა სფეროსა და მიმართულებას მოიცავენ და მათ მიერ დაწყებული ყველა პროექტი განხორციელების აქტიურ ფაზაშია.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა, რომელიც კომპანიამ 2008 წელს დაიწყო, უკვე დასრულებულია და უხლოეს პერიოდში ოფიციალურად გაიხსნება.
დღეისათვის განსხვავებული პროფილის 20 კომპანია სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, გაერთიანებული საემიროები) ფლობს თიზ-ში ოპერირების ლიცენზიას და წინასწარი პროგნოზებით, მათი რიცხვი წლის ბოლომდე გაიზრდება.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში "რაკ ჯგუფმა" 2008 წლიდან სერიოზული ინვესტიციები განახორციელა. გაიზარდა საწარმოო სიმძლავრეები, აშენდა ახალი ნავმისადგომი, მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფოთის ექსტენსიური განვითარების ზონაში მიმდინარეობს ახალი პორტის პროექტზე მუშაობა.
2010 წლის ნოემბერში გაიხსნება საკონტეინერო ტერმინალი, რომელსაც ექნება წელიწადში დაახლოებით 100000 კონტეინერს გადამუშავების შესაძლებლობა. ახალი ტერმინალის მიმდებარედ ასევე გაიხსნება საბაჟო-გამშვები პუნქტი.
პორტისა და თიზ-ის პარალელურად "რაკ ჯგუფი" მუშაობს ფოთის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტზე, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2011 წელს დაიწყება და წინასწარი გეგმის თანახმად, 2013 წლისთვის ფოთში ახალი, საერთაშორისო აეროპორტი ამუშავდება.
"რაკ ჯგუფში" შემავალი კომპანია "რაკიინ დეველოპმენტი" საქართველოში ასევე 2006 წელს შემოვიდა რამდენიმე მასშტაბური პროექტით. დიღომში "აფთაუნ თბილისის" მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და პროექტის პირველი ეტაპი - სავაჭრო ცენტრი - 2011 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ეს იქნება კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი, ევროპული სტანდარტების სავაჭრო ცენტრი - "აფთაუნ ცენტრი", სადაც განთავსდება მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, ჰიპერმარკეტი, კინოთეატრი, საცურაო აუზი, კვებისა და გართობის ობიექტები. "აფთაუნ ცენტრის" გარდა პროექტი ითვალისწინებს საოფისე და საცხოვრებელ შენობებს, რომელთა დასრულება 2012 წლის ბოლომდე იგეგმება. აღსანიშნავია, რომ "აფთაუნ თბილისის" პროექტში 2008 წლიდან "რაკიინის" თანაპარტნიორი გახდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.