ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტებზე, ბადრი ესებუა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ესებუას აღნიშნული ბრალდება პროკურატურამ დაკავების შემდეგ, 9 თებერვალს წარუდგინა.
30 მარტის სასამართლო სხდომაზე კი მან ეს ბრალდება აღიარა.
ბადრი ესებუას 2020 წლის ოქტომბერში, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე 2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება.