ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე ოსმა სეპარატისტებმა ქართული მხარის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის დამკვირვებლებს განუცხადეს, რომ "სახელმწიფო საზღვრის განმავლობის დადგენის სამუშაო მომავალშიც გაგრძელდება". ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ სამუშაო ჯგუფი 2011 წლის 21 იანვარს შეიკრიბება.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზევე ქართულმა მხარემ ეს საკითხი "სულ სხვა ინტერპრეტაციით" დააყენა.
"მათ განაცხადეს, რომ ამ სამუშაოს ჩატარებით სამხრეთ ოსეთმა დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და საზღვრის გადატანა დანარჩენი საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში 50 მეტრით სცადა. ამასთან ერთად ამის არავითარი რეალურად დამადასტურებელი მასალა მათ ვერ წარმოადგინეს, ჩვენ კი ავუხსენით, რომ საქართველოს სახალხო კომისრების საბჭოს მიერ 1922 წელს მიღებული დეკრეტით ვხელმძღვანელობთ, რომლითაც იყო განსაზღვრული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი და ჩვენ ამ საზღვარს არ ვარღვევთ", _ აცხადებს მოლაპარაკებებში მონაწილე ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულის მოადგილე მერაბ ჩიგოევი.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ე. წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების შესახებ.
"ამას გარდა, შეხვედრაზე სხვა საკითხებიც განვიხილეთ და მთლიანობაში ამ შეხვედრით კმაყოფილნი ვართ", _ განაცხადა ჩიგოევმა.