ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმიანება ბოლო დღეებში რამდენიმე ქალის მიერ მათ მიმართ ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებსა და განვითარებულ მოვლენებს.
„ერთი კატასტროფაა შალვა რამიშვილი მთელი თავისი წახნაგებით, კარიერით, ბიოგრაფიით და ახლახან გამოვლენილი ამბებით რომ არის ამ რეჟიმის მთავარი სახე და პროპაგანდისტი, მის ტელევიზიასთან ერთად, რომელიც ასე იქცევა, ხოლო
დამატებით კატასტროფა რაც ვიხილეთ, არის ამ სამარცხვინო ადამიანის მიერ დაორგანიზებული პოლიციის ქმედება, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაინტერესებული მხარის მიერ დადგმული მიზეზებით სახლში შეუვარდნენ.
ანუ რა სტანდარტია, ასეთმა სამარცხვინო მედია-საშუალებამ წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ ვიღაცაზე ძალადობენ და პოლიცია ადამიანს სახლში შეუვარდა, რაზეც პასუხს არავინ არ აგებს. აქამდე მივიდა ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის ის ამბავი, რასაც არ ეშველება სულ რომ გაქრეს შალვა რამიშვილი ხვალ. რეჟიმი, რომელიც ნებისმიერ სამარცხვინო ადამიანს საკუთარი ამოცანებისთვის ასეთ დაკვეთას შეუსრულებს, არის ჩვენი მომავლისთვის უდიდესი საფრთხე“ - თქვა გიგა ბოკერიამ.